87 წლის რუსთაველი ქალის, რომელსაც “კოვიდ-19” 29 ივლისს დაუდგინდა, ყველა კონტაქტი მოძიებულია და ვირუსული ინფექცია არც ერთ მათგანს დაუდასტურდა – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მხარის პირველი პირის განცხადებით, რუსთავში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არ არის.
“სრულად არის შესწავლილი ყველა კონტაქტი, აბსოლუტურად ამომწურავად ყველა ტესტი ჩატარებულია და დღეის მდგომარეობით, გუშინდელი ინფორმაციით ვიცი რომ არავისთან არაფერი დადასტურებული არ არის. ამიტომ იქ PCR ტესტირებასთან ერთად სისხლის ანალიზის ჩატარებაც მიმდინარეობს იმის დასადგენად, ხომ არ არის რაღაც ძველი ინფექცია უსიმპტომოდ გადატანილი და ამ პასუხებიდანაც ვიცი, რომ რაიმე ისეთი საგანგაშო არ გვაქვს და რუსთავში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არის.
სწორედ წყაროს დადგენის მიზნით ტარდებოდა ყველა სახის ტესტი და ამ დრომდე ჩვენ პირდაპირი კონტაქტები და რაღაც გაგრძელება ვერ ვიპოვეთ,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.