შსს-ოჯახში ძალადობის ფაქტზე ელექტრონული ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების საფრთხის არსებობისას, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო და ძალაში 2020 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.

კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

„ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი რეალურ დროში მოხდება. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია: ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.