პოლიციამ ფოთში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შს სამინისტროს განცხადების მიხედვით, სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 საბრძოლო ვაზნა, მაყუჩი, რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, ნაჭრის ნიღაბი და 2 წებოვანი ლენტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.