ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის ახალი პროტოკოლი დაამტკიცა.
პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.
ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება სავალდებულოა. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.
რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ხოლო, ტრენაჟორების დარბაზში ყოველ 6 მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული.
ამასთან, რეკომენდაციებში დეტალურადაა გაწერილი აღნიშნული ობიექტების პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის წესი, ობიექტების დალაგების წესი და ა.შ.