„ელექტროენერგია არ მიეწოდება ამ სოფლებს, რადგან მაღალი ძაბვის ხაზებია დაზიანებული. 2000-ზე მეტი ადამიანია მოწყვეტილი, არიან ტურისტებიც შოვში და სხვა ადგილებში. მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, არის რთული მონაკვეთები და არ ვიცით, როდის დასრულდება სამუშაოები“, – აცხადებს მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე დილიდან მუშაობენ.
„გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, სოფლის რწმუნებულებთან. ვერტმფრენი წამოსულია, ამინდის შესაბამისად ვიმოქმედებთ და მაქსიმალურად ოპერატიულად დავეხმარებით. დაშავებულები არ არიან. პანიკა მოსახლეობაში არ არის. საჭიროებისამებრ ყველა ღონისძიებას ჩავატარებთ. ყველა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ჩართულია“, – აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.
სტიქიამ ძირითადად ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.