EMC ეხმაურება რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ კრიზისს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ გაატაროს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ.
“ჰაერის მტვრითა და სხვადასხვა საწარმოო ნარჩენით დაბინძურება რუსთავში წლებია მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობას აზიანებს. არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს აქტივისტური ჯგუფი.
შაბათს, 19:00-ზე, რუსთავის მერიასთან საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით გაიმართება აქციაც. ინიცირებულ კანონპროექტს რუსთავსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული პრაქტიკა და მდგომარეობის შეცვლა შეუძლია.
საწარმოების უმრავლესობას ეკონაკვალევის შემცირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. შედეგად, რუსთავის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლები ფიქსირდება. ამას ადასტურებს ოფიციალური წყაროებიც, მაგალითად, ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში (2014-2021) მითითებულია, რომ რუსთავში “ნახშირჟანგის თვიური საშუალო კონცენტრაცია აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებს, ხოლო მაქსიმალური დაფიქსირებული ნახშირჟანგის კონცენტრაცია – 1,2-ჯერ აღემატებოდა ნორმას. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციას – დაფიქსირდა ჰაერში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი რაოდენობა”. იმავე მონაცემების თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები ქალაქში უარესდება.
დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ შეგროვებული მონაცემები კიდევ უფრო მძიმე გარემოსდაცვით მდგომარეობაზე მიუთითებს – ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებს შესაძლოა 5-ჯერ აღემატებოდეს. სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები მდგომარეობის სრულად გასაგებად საკმარისი არაა, რადგან მონიტორინგის არსებული სადგურები ქალაქს სრულად ვერ მოიცავს, მათ მიერ გაზომილი დამაბინძურებლები კი დამაბინძურებელთა სპექტრის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. მონიტორინგის ბადის არასრულობის შესახებ საუბარია იმავე განვითარების სტრატეგიაში, სადაც ნათქვამია, რომ “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი რეგიონში ხორციელდება მხოლოდ ქ. რუსთავში, ჰაერის ხარისხის გამზომი ერთი ჯიხურის საშუალებით. მიღებული მონაცემები ასახავს არა მთლიანად ქალაქის, არამედ მხოლოდ იმ ტერიტორიის ჰაერის ხარისხს, სადაც დაკვირვების ჯიხურია განთავსებული”.
დაბინძურებული ჰაერს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე და მრავალმხრივი ზიანის მიყენება შეუძლია. დაბინძურებული ჰაერი ზრდის უნაყოფობის, სხვადასხვა ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადების, კოგნიტური დაქვეითების, რესპირატორული პრობლემების ჩამოყალიბების რისკს. ხშირ შემთხვევაში, ეს რისკები უფრო მაღალია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის, ასაკოვანი მოსახლეობისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის. მდგომარეობას განსაკუთრებით საფრთხისშემცვლელს ხდის ისიც, რომ ქალაქის ინდუსტრიული და საცხოვრებელი ზონები ერთმანეთისგან გამიჯნული არაა, ზონალური რეგულირების გენერალური გეგმა კი რუსთავს არ გააჩნია.
ეპიდემიოლოგიური და გარემოსდაცვითი ინფორმაციის ნაკლებობა არსებული მდგომარეობის სრულფასოვნად აღწერასა და შეფასებას შეუძლებელს ხდის. დაბინძურებულ გარემოსა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს შორის არსებული შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვების დადგენას სიღრმისეული და გრძელვადიანი კვლევების ჩატარება სჭირდება, რაც საქართველოში არ მიმდინარეობს.
აშკარაა, რომ არსებული კანონმდებლობა და მისი აღსრულების მექანიზმები გაუმართავია და დაბინძურების ეფექტურ რეგულირებას ვერ უზრუნველყოფს. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ევროპარლამენტის 2004/35/EC დირექტივით განსაზღვრული სტანდარტების შიდა კანონმდებლობაში ინტეგრირებას გულისხმობს. აღნიშნული, ერთი მხრივ, მოიცავს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგის ვალდებულებას, რაც დღევანდელი მოწესრიგებისგან განსხვავებით ჰაერში გაფრქვეული ნივთიერებების მუდმივ ინსტრუმენტულ გაზომვას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და გარემოს დაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას გულისხმობს. ჰაერის თვითმონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გამოითვლება დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო კონკრეტული რეგიონების უკიდურეს საჭიროებებს დაინახავს და მათზე რეაგირების სათანადო სამართლებრივი საფუძველი გაუჩნდება. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს საგრძნობლად გაზრდილ ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვებ ოდენობაზე მეტი გაფრქვევის შემთხვევაში, რასაც პრევენციული ხასიათის ეფექტი ექნება საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიმართ.
აქვე, აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების ეფექტური მონიტორინგის მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში, მათ შორის, განსაკუთრებით ქალაქ რუსთავში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა სათანადო რაოდენობის არსებობა, რომელთაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე არსებული სამართალდარღვევის მიმართ მყისიერი რეაგირების საშუალება ექნება .
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:
- პარლამენტის მიმდინარე, რიგგარეშე სესიის ფარგლებში დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ.
- რუსთავში არსებული მდგომარეობის შესასწავლად, ჩატარდეს საგანგებო, სიღრმისეული, ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომელიც სრულყოფილ და დეტალურ ინფორმაციას დაეყრდნობა ერთი მხრივ გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ ქალაქში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.”-ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში