ევროპული და ევრო-ატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 76 პროცენტი, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 69 პროცენტი. ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა რვა პროცენტისთვის, ხოლო ნატო-ში გაწევრიანება, 11 პროცენტისთვის.
ამასთან, 18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 66 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით), ამავეს ეთანხმება 35-დან 54 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 59 პროცენტი, 55 წლის ზემოთ გამოკითხულების კი, 53 პროცენტი.
18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა შვიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, იმავეს ფიქრობს 35-დან 54 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 11 პროცენტი, 55 წლის ზემოთ კი, 14 პროცენტი.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.