“ახალგაზრდობის სააგენტო” რეგიონული ტურნეს ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტს ეწვია

“ახალგაზრდობის სააგენტოს” ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ტატუაშვილს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ TV4-ს “ახალგაზრდობის სააგენტოდან” აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე იმ მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები განიხილეს, რომლებიც ადგილზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელადაა განსახორციელებელი.

“სააგენტოს რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონიდან დმანისი ის საპილოტე მუნიციპალიტეტია, რომელშიც ახალგაზრდობის საჭიროებებზე დაფუძნებით ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება. ამ პროცესის კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილში კი საპილოტე მუნიციპალიტეტების მათ შორის, დმანისის ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართულები, რომელთა გადამზადებას სააგენტო 4 ეტაპად ახორციელებს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას ისახავს, რისთვისაც სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

აღნიშნული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან საქართველოს 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვია. დღეს ბოლო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა.