გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს , 22 აგვისტოს გაიხსნება.
გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.უწყების ცნობით, ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდა :
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.
ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე.
2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა.
ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვლის, ნადირობის ვადების და დღიური ლიმიტების ნახვა , ნადირობის ადგილების მიხედვით ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის შეგიძლიათ უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იხილოთ.