გარდაბნის ორ სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყო. სოფლებში ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფია მობილიზებული.  დღეს PCR ტექნოლოგიით ტესტირება 700-მდე პირს ჩაუტარდება.

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება. გვინდა, რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება. გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – ამ საკითხს დღეს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს.

ინფორმაციისთვის, გარდაბანში სულ კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ყარაჯალარში 14 შემთხვევა არის დაფიქსირებული. სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი კი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.