ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 2 პირი, ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ნარკოტიკი

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 2 პირი – ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკი, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ. აღნიშნული ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, რომელთა ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.