რუსთავის მერიაში ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს  და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

როგორ რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა, რევაზ ბარბაქაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს სრული ფორმირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, საბჭო მარტის თვეში შეიქმნა, თუმცა პანდემიამ საბჭოს სრულ ფორმირებას და  ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ხელი შეუშალა.

საბჭოს მიზანია ბიზნესსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მეტი კოორდინირების მოხდენა, ქალაქის განვითარების საკითხებში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათ დაძლევაში ჩართულობა.

“დღეს ჩატარდა შეხვედრა რუსთავის მერიაში ადგილობრივ თვითმმართველობას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო სექტორს შორის. ეს შეხვედრა არის ზოგადად ჩვენი იმ საქმიანობის კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ამ სხვადასხვა სექტორს შორის ურთიერთობის განმტკიცებას და ამ სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გარკვეული მიზნების მისაღწევად. ჩვენ რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ სანამ პანდემიური პროცესები წავიდოდა ქვეყანაში, დავიწყეთ მუშაობა იმაზე რომ შეგვექმნა ბიზნეს საკონსულტაციო საბჭო ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სადაც შევიდოდნენ ადგილობრივი ბიზნესმენები და მჭიდროდ ვიმუშავებდით იმ საკითხებზე, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ამ რამდენიმე თვიანი წყვეტის შემდეგ ფაქტობრივად თავიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება.

ასევე, რუსთავის ინოვაციების ჰაბი ახორციელებს ჩეხ პარტნიორებთან ერთად პროექტს, რომლის მიზანიც არის შეიქმნას თანამშრომელთა ქსელი კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორს შორის უმუშევრობის შესამცირებლად. დღევანდელი შეხვედრა ამ თემასაც ეხებოდა და ამ თემაზეც ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ ეს წყვეტა და უმოქმედობა, რაც ამ თვეების განმავლობაში ქვეყანაში გვქონდა დასრულდა და უკვე ის აქტივობები, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა მარტში, აპრილში, მაისში ახლა დავიწყებთ დ უფრო მეტი ინტენსივობით გავაგრძელებთ,” – განაცხადა რევაზ ბარბაქაძემ.

საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღეს, როდესაც 2019 წლის დეკემბრის თვეში “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში ,რუსთავს პოლონეთის ქალაქ ჩელაჯის თვითმმართველობის თანამშრომელი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი, მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რუსთავში საინტერესო პროექტების განხორციელება იყო.