საზღვრის კვეთა, ტესტირება,კარანტინი -მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

 საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.

ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით:

რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?

ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ხუთი ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ.

ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული ხუთი ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. მაგ: ლატვიის მოქალაქე/ბინადრობის უფლების მქონე პირი გერმანიიდან უპირობოდ შემოვა საქართველოში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

ევროკავშირის ქვეყნების (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული ხუთი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, (სლოვენია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია), რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

აღსანიშნავია, რომ საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ „კოვიდ-19“-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

ავსებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ელექტრონულ ანკეტას?

ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული ხუთი  ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას/ ან არიან ორმაგი მოქალაქეები.

ავსებენ თუ არა ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ელექტრონულ ანკეტას, რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი?

არ ავსებენ, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.

სად არის ხელმისაწვდომი ელექტრონული ანკეტა?

ელექტრონული ანკეტა ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www. StopCov.ge.

არის თუ არა აუცილებელი, საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება?

არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად.

ევროკავშირის რომელი ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს მოუწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში?

იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია.

რა მიდგომა ვრცელდება ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები?

ასეთი ქვეყნებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.

რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც შესაბამისი დათქმით იხსნება სახელმწიფო საზღვარი?

აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან შემოსვლაზე, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი?

აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

რა მიდგომა ვრცელდება ევროკავშირის არაწევრი ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე?

ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან? სხვა ქვეყნებიდან?

საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ამავდროულად ფლობენ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქის სტატუსს.

რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს?

აღნიშნულ პირზე სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი არ ვრცელდება. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველო მოქალაქე საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული ხუთი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნისა) ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს?

აღნიშნულ პირზე ვრცელდება სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი.

ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველოს საზღვარი იხსნება, შეეძლებათ თუ არა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლა?

სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტები რჩება დახურული.

  • ტესტირება

რა სახის/მეთოდის კვლევა ტარდება აეროპორტში?

აეროპორტებში ტარდება PCR ტესტირება.

რა შემთხვევაში დაექვემდებარება მგზავრი აეროპორტში PCR კვლევას?

აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე.

როდის იქნება ცნობილი კვლევის შედეგი?

PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში.

როგორ იგზავნება ინფორმაცია კვლევის შედეგის შესახებ?

კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

რა დრო იქნება საჭირო PCR კვლევისთვის საჭირო ნიმუშის ასაღებად?

ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.

ფასიანია თუ არა კვლევის ჩატარება?

აეროპორტში PCR კვლევის საფასურის გადახდას სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ იმ ხუთი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირისთვის, რომელთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

  • კარანტინი

რა შემთხვევაშია სავალდებულო კარანტინი?

კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.

კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ხუთი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ვინ ფარავს კარანტინის ხარჯებს?

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.

შესაძლებელია თუ არა თვითიზოლაციაში გადასვლა?
თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია:

  • პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება;
  • დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ);
  • პროცედურები:
  • თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს;
  • შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

შესაძლებელია თუ არა საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ?

აღნიშნული შესაძლებელი არ არის.

როგორ ხდება საკარანტინო სასტუმროში ტრანსპორტორება? და სავალდებულო პერიოდის ამოწურვის შემდეგ სასტუმროს დატოვება?

აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რა პერიოდით არის ვალდებული პირი იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში?

საზღვრის კვეთიდან 14 დღის განმავლობაში.

უტარდება თუ არა პირს საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ PCR კვლევა? ვინ ფარავს ტესტის საფასურს?

დიახ, სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – სახელმწიფო.

რატომ არის სავალდებულო საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი?

სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.

საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით.

შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის ხსენებული ხუთი წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება საქართველოს აეროპორტში?

დიახ, შესაძლებელია.

რა შემთხვევაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება?

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, კერძოდ მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება, ტესტირების ან/და 14 დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება, უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.