საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge გავრცელდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსი 2 სამედიცინო პერსონალს დაუდგინდა,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში გამოვლენილი 13 ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.
„ კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 222 ადამიანი. 13 პაციენტიდან 3-ის ინფიცირების წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთის ინფიცირების წყაროა გაჩიანი, 5 არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის სამედიცინო პერსონალი. 1 შემთხვევაზე კონტაქტების და წყაროს მოკვლევა გრძელდება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 186 მოქალაქე იმყოფება.