საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. 24 ივლისიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.
ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.
„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც. მოლოდინი, რომ დიდია ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 300-ზე მეტიბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდული“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ „კოვიდ-19“ – ის პანდემიის ფონზე 2020 წელი შიდა ტურიზმის წლადაა გამოცხადებული და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ვიზიტორებს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.
აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ხუთი სიხშირით შესრულდება, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ბათუმის მიმართულებით კი, კვირაში ოთხი სიხშირით იქნება ფრენები შესაძლებელი.