რუსთავში, 7 და 8 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. ცურტაველის მოედანზე გმირთა მემორიალის ტერიტორია საქართველოს სახელმწიფო დროშებით მოირთვება. ღონისძიება 7 აგვისტოს, ღამის 12:00 სთ-ზე დაიწყება.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირების მემორიალის ტერიტორიაზე სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე, აგვისტოს ომის ამსახველი ვიდეოკადრები და დაღუპული რუსთაველი სამხედროების ფოტოები იქნება ნაჩვენები.
მანათობელი სანთლებით მოიხატება საქართველოს რუქა, ღონისძიების მონაწილეები და დამსწრეები ცაში წითელ ფრანებს გაუშვებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქისა და მხარის პირველი პირები, ომის ვეტერანები, გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრები და მეგობრები.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ცნობით, 8 აგვისტოს ღამით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული რუსთაველი გმირების სახელობის ქუჩების მაჩვენებელი აბრები განათდება,ასევე დილის 10 სთ-ზე მომორიალთან ღონისძიება გაიმართება. სასულიერო პირი, მემორიალთან აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ფოტო: Tv4-ის არქივიდან.