“ვფიქრობ, ამ მძიმე დღეებში, რომელიც ერთად გამოვიარეთ, ზაურმა დაამტკიცა, რომ ის თავისი ქალაქის ღირსეული მერია. მან გაამართლა თავისი არჩევანი და დარწმუნებული ვარ, ახლაც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, ის გაამართლებს თავის არჩევანს.”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ,არჩილ თალაკვაძემ მარნეულში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობა იქნება. თალაკვაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაურ დარგალს ის უპირატესობები აქვს, რის გამოც იგი მარნეულის საუკეთესო არჩევანი იქნება.
“მინდა, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ახალგაზრდებთან დაკავშირებით: დარწმუნებული ვარ, რომ ზაურ დარგალთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენ შევძლებთ, მეტი კარი გავუღოთ ახალგაზრდებს, შევძლებთ, თქვენს შვილებს მივცეთ მეტი შესაძლებლობა, მათ შორის, სახელმწიფო სამსახურში. ორიოდე სიტყვით მინდა, ვთქვა ზაურ დარგალთან დაკავშირებით.ახალგაზრდა, განათლებული კაცი. თქვენ ჩემზე კარგად იცნობთ მას, თუმცა, მინდა, დავახასიათო ის, როგორც ძალიან ეფექტური და პროგრესული საჯარო მოხელე. ვფიქრობ, ამ მძიმე დღეებში, რომელიც ერთად გამოვიარეთ, ზაურმა დაამტკიცა, რომ ის თავისი ქალაქის ღირსეული მერია. მან გაამართლა თავისი არჩევანი და დარწმუნებული ვარ, ახლაც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, ის გაამართლებს თავის არჩევანს.
მინდა, გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მისი სამუშაო გამოცდილებიდან. 2010, 2011 და 2012 წლებში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ იყო მხარდაჭერილი. ეს იყო წლები, როდესაც განსხვავებული აზრი იდევნებოდა. როდესაც პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ საშუალება, ელემენტარულად, ხალხთან მისულიყვნენ. ზუსტად იმ წლებში, ზაურთან ერთად, ჩვენ შევქმენით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლო კითხვების დასმა, კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა, შევქმენით ერთად თავისუფლების კუნძულები და ზაურ დარგალი იყო საქართველოში 20 საუკეთესო თანამშრომელს შორის, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევარჩიეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წლები. შემთხვევით არ ვამბობ. ძალიან პრინციპული და ძალიან კრიტიკული იყო მაშინ მუშაობა იმ პროგრამაში, სადაც ზაური მუშაობდა, რადგან იყო ძალიან დიდი წნეხი, დიდი ზეწოლა თავისუფალ აზრზე და დემოკრატიაზე, საერთო ჯამში. მაგრამ მან წარმატებით იმუშავა.
შემდეგ ის იყო საჯარო სამსახურში, ასევე არჩეული მერად და დღეს, ვფიქრობ, მას აქვს სრული შესაძლებლობა, რომ იყოს წარმატებული პარლამენტარი და თქვენი მაჟორიტარი. ახალგაზრდა, ენერგიული კაცია, მას აქვს მთელი გუნდის მხარდაჭერა – საპარლამენტო, სამთავრობო გუნდის, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია ჩვენთან და მას აქვს ყველა უნარი და შესაძლებლობა, რომ ყველაზე საჭირო პროექტები დაამუშაოს, მოიტანოს და გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ზუსტად ეს არის ის უპირატესობა, რისთვისაც, ზაურ დარგალი, ვფიქრობ, თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება ამ საპარლამენტო არჩევნებში. ერთად გავიმარჯვებთ, ერთად გავაკეთებთ საქმის კეთებას, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.