პანდემიის გამო, შესაძლოა ბაღის ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა განისაზღვროს

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, ჯგუფებში, ბავშვების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება. კერძოდ, შესაძლოა, ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან. ამის შესახებ პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ.

 შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით ,ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება.

კიდევ ერთი რეკომენდაციებით, ბაგა- ბაღებში ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება.

„ჩვენ ვგეგმავთ 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას, მაგრამ მათ არ აწყობთ ეს ვარიანტი და გვთავაზობენ 2 კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვებას. არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება 2 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვება. ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ეპიდემიოლოგებთან.

თერმოსკრინინგი აუცილებლად ჩაუტარდება, როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს და მომსახურე პერსონალს. ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში გაწერილია პროცედურები, როგორ უნდა მოიქცნენ.

ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროს ისე უნდა დაყონ ბავშვები, რომ ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე ჯგუფი გავიდეს.

დეზინფექცია აუცილებელია. ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც დამუშავდება სადენზინფექციო ხსნარით. ეს არის ძირითადი. ეს რეკომენდაციები იქნება აუცილებლად, სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მაგრამ ჯერ გვაქვს სამუშაო ვერსია, ვმუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე ბაღების წარმომადგენლები, ჩართულები იქნებიან ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.