პრემიერმა მოსახლეობას დიდგორობა მთავრობის ადმინისტრაციიდან მიულოცა

საქართველოს პრემიერმა მოსახლეობას დიდგორობა მთავრობის ადმინისტრაციიდან მიულოცა. კორონავირუსის მიზეზით, წელს დიდგორობა სახალხო დღესასწაულის სახით არ აღინიშნა.

პრემიერის განცხადებით, დიდგორობა საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება და ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი იყო.

“საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება,ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი დღეს ,12 აგვისტოს დიდგორობაა და თითოეული ქართულისათვის ეს არის არა მხოლოდ ისტორია, არამედ ყოველდღიურობა. ამის კარგი მაგალითი ასევე არის 11 აგვისტო, როდესაც ჩვენ შინდისის გმირებს ვიხსენებთ. ასეა ჩვენი ცხოვრება, ამ ქვეყნის ცხოვრება ყოველთვის თავდადება და ბრძოლაა. სამწუხაროდ, წელს ვერ აღვნიშნავთ ამ სახალხო დღესასწაულს პანდემიის გამო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე თითოეული ქართველისთვის არ არის მხოლოდ ისტორია ,ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ყოველდღიური გმირობის დამადასტურებელი ფაქტი” – განაცხადა პრემიერმა, გიორგი გახარიამ

დიდგორობა 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად ყოველწლიურად თეთრიწყაროში იმართება. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს  გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.