საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს.

დღევანდელი მონაცემებით 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა და სულ გვაქვს 1283 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლენჯერი, 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 2 გახლავთ შემოტანილი, აქედან ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 10-ით გაიზარდა და გახდა 1068. ამ მონაცემებით დღეს, კოვიდცენტრებში მკურნალობს 198 პაციენტი. ამ 198 პაციენტიდან 7 კვლავ კრიტიკულია, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, 17 პაციენტი არის მძიმეთა კატეგორიაში და მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. საბოლოოდ, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 83% გახლავთ, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1, 93%-ია.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ 32 პაციენტი გვყავდა, არავინ შემოსულა და არც არავინ გაწერილა, ამიტომ კვლავ რჩება 32 პაციენტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 7 718 მოქალაქე იმყოფება.