ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე – დაშავდა ერთი ადამიანი (+ფოტო)

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული 30 წლამდე ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. 

როგორც TV4-ს კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ამ დროისთვის შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც TV4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.