პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.