ამომრჩევლის დაშინებისთვის პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება

ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე მკაცრი სანქცია განისაზღვრება.ინიციატივის შესახებ,რომელიც მმართველ გუნდს ეკუთვნის, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკაძემ, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

 მისივე განცხადებით, მსგავსი ქმედების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და ფულადი ჯარიმისა და შინაპატიმრობის გარდა, სანქცია შეიძლება თავისუფლების აღკვეთაც იყოს.

 

“ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქცია განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსში. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან, ორ წლამდე. ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. შესაბამისი ცვლილებები დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31ოქტომბერს გაიმართება.