განათლების სისტემის რეფორმირებით და დაფინანსების გაზრდით, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობითა და განახლებით, კერძო სექტორის სერვისებისა და მეწარმეების აქტიური ხელშეწყობით აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, მათ შორის რუსთავში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წარუდგინეს.
არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ მას რუსთავისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა შეუძლია.
“გამოცდილი გუნდითა და ახალი გეგმებით მზად ვართ, კვლავ ავიღოთ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. განათლების სისტემის რეფორმირებით და დაფინანსების გაზრდით, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობითა და განახლებით, კერძო სექტორის სერვისებისა და მეწარმეების აქტიური ხელშეწყობით აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, მათ შორის რუსთავში.
მთელი ყურადღება გვაქვს მობილიზებული მომავალზე და მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. მინდა, მხარი დავუჭირო ნინო ლაცაბიძეს – განათლებული, პროგრესული და წარმატებული ქალი, პოლიტიკოსი, რომელიც ამ წლების განმავლობაში კომუნიკაციაში იყო საზოგადოებასთან, თითოეულ მოქალაქესთან, ვინც ის აირჩია და ჰქონდა მისი იმედი. მას შეუძლია, რუსთავისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა და თქვენი საჭიროებების მიტანა ხელისუფლებასთან. დეპუტატისა და მაჟორიტარის ფუნქციაც ეს არის. მისი განათლებით, სამუშაო გამოცდილებით, ურთიერთობით, კონტაქტებით, ლიდერის თვისებებით, რომლებიც ნინოს აქვს, ის თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.









