განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალი სასწავლო წელი, 15 სექტემბერს დაიწყება.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა ჩვეულ რეჟიმში, 15 სექტემბერს დაიწყება.
„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს, ანუ სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის – საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემუშავდება სპეციალური სტანდარტი, თუ როგორ უნდა განთავსდნენ მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებში
„სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის და რა თქმა უნდა, სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში, თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახალა ასე ვეღარ იქნება. იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე, გვექნება პროტოკილი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება. მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.