ბინები პოლიციელებისთვის რუსთავში- რა ეტაპზეა პროექტი?!

რუსთავში  მე-20/21-ე მიკრორაიონების და ლეონიძის ქუჩას შორის, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესი და პროექტი გადამწყვეტ ფაზაში შედის-ამის შესახებ Tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

Tv4-მა საცოხვრებელი კორპუსების მშენებლობის შესახებ,სადაც  ფართებს პოლიციელები შეღავათიან ფასებში მიიღებენ, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

“პროექტის ფარგლებში , რუსთავში, სამინისტროს მოსამსახურეებს შესაძლებლობა ეძლევათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები შეღავათიან პირობებში მიიღონ. კერძოდ, სახელმწიფო  მშენებლობის ღირებულების 40%-ს (33 020 ლარი)  აფინანსებს და პროექტის მონაწილე მხოლოდ დარჩენილ 60%-ს (49 530 ლარი) საკუთარი სახსრებით ან  შეღავათიანი იპოთეკური სესხით ფარავს.”-ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილის თანახმად, მშენებლობა 2020 წელს ჩაბარდება.

Tv4 პროექტში მონაწილე თანამშრომელთა შერჩევის პრინციპითაც დაინტერესდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თანამშრომელთა შერჩევის მიზნით,სპეციალური განმხილველი კომისია  შეიქმნა. კანდიდატებად სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე პროფესიონალი მოსამსახურეები შეირჩნენ,  რომელთა შორის გამარჯვებულების გამოვლენა შემთხვევითი შერჩევის, კერძოდ კი დოლურის პრინციპით განხორციელდა.

ცნობისთვის, სატენდერო ხელშეკრულების თანახმად პროექტის ღირებულება  6521405.23 ლარს შეადგენს.