გარდაბნის იუსტიციის სახლი 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება-ვიცეპრემიერი გარდაბანში იმყოფებოდა

უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ.
 
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გარდაბანში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
 
იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომიდან შეუდგება. მინისტრთან ერთად მშენებლობის პროცესი მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა დაათვალიერეს. 
 

უწყების ცნობით, გარდაბნის ფილიალი მეოთხე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება.

 
აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქებში: რუსთავში, მარნეულში და ბოლნისში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.
 
გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით  ხორციელდება. შენობის ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია.
 
ტენდერი გარდაბნის ფილიალის მშენებლობისთვის 2019 წლის აგვისტოში გამოცხადდა, ხოლო მშენებლობა 25 ოქტომბერს დაიწყო.
 
გარდაბნის იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 17 ადამიანი.
 
 გარდაბნის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება.