დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მკაცრი რეგულაციები წესდება

ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები წესდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. გარდა ამისა, წესდება შეზღუდვები დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

„ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით, მათ შორის დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

ასევე წესდება შეზღუდვები დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.