გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურატურასთან ამ წუთებში აქციას მართავენ. თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განაცხადებით, მათი მოთხოვნა, პროკურატურის მხრიდან სატელიტური სურათების გამოქვეყნება, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ, სადაც აღმოაჩინეს, და ასევე, თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის, ან ჯგუფურად მკვლელობით გადაკვალიფიცირებაა.
“მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლით. მკვლელი თუ მკვლელები, სავარაუდოდ სამ მაღალჩინოსანზე როდესაცაა საუბარი. ფაქტია, რომ ალყაში ჰყავდათ ჩემი შვილის მანქანა და ისე მიჰყავდათ. გადაკვალიფიცირდეს ჯგუფურად მკვლელობის მუხლით. ბატონი მიხეილი დადებს რაღაცას და ისინი ცდილობენ გაპრავებას. თურმე სამი მანქანა ყოველდღე მოდის გაჩიანიდან და მიდიან შავნაბადაზე. რომ მოითხოვა ბატონმა მიხეილმა დამიდეთ, რომ ყოველდღე და ზუსტად იგივე დროს ხდება და შემდეგ შავნაბადადან სად წავიდნენ. მითხრეს, რომ შავნაბადიდან ძალიან ბევრი საიდუმლო გასასვლელია. ბევრი ხალხი არ ჩავრთე პოლიტიკური ელფერი რომ არ მისცემოდა. ვაპირებ, რომ ეს პოლიტიკურში გადაიზარდოს, სადამდეც იქნებიან, დისკომფორტი ექნებათ. სექტემბრის შუა რიცხვებიდან აქციებს ვაპირებ”, – აცხადებს თეონა თამაზაშვილმა.
როგორც აქციაზე თამაზაშვილმა განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა ფაილები, ყარაბახის ომის იარაღით მომარაგების ინფორმაცია იყო.
“აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობას მოვუწოდებ დაინტერესდეს და საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბახის ომი იარაღით. გადაამოწმონ აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობა. ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია. მაგიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს სხვადასხვა კომპანიებიდან მილიონები, რომ იარაღის შეძენას დიდი თანხა სჭირდება. სუს-იც ამიტომაა ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.