მთავრობის დადგენილების თანახმად, კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადად 14-ის ნაცვლად 12 დღე განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია აღნიშნული.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.
ასევე, იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.
ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი,
საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან, – აღნიშნულია დადგენილებაში.
ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში კარანტინს.