ნინო ლაცაბიძე ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენს ქვეყანაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, ნინო ლაცაბიძე რუსთავს კარგად იცნობს და შესაბამისად, ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრა არ გაუჭირდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება წარმოგვედგინა ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ამ ქალაქს, რომელიც რუსთავშია დაბადებული და აქ გაიზარდა. ნინო ლაცაბიძე გახლავთ ძალიან ძლიერი ქალი, პროფესიონალი, კარგი მეგობარი და ამ ყველაფერთან ერთად, ოთხი შვილის დედა. ერთის მხრივ, გული მწყდება, რომ ის საკრებულოს ტოვებს, თუმცა, მეორე მხრივ, მიხარია, რომ რუსთაველებს მართლაც ღირსეული წარმომადგენელი ეყოლებათ საქართველოს პარლამენტში. ნინო ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენს ქვეყანაზე. დარწმუნებული ვარ ნინო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მან ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს.
რუსთავი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც მშრომელი ადამიანები მთელი ქვეყნისთვის ქმნიან დოვლათს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. აუცილებელია, რომ ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად, სხვა მიმართულებებითაც კიდევ უფრო განვითარდეს. რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელს საქართველოში. ჩვენ ამისთვის ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ყველა შესაძლო შანსი უნდა გამოვიყენოთ. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებასა და წინსვლაში, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ ანსამბლ „რუსთავის“ და რუსთავის დრამატული თეატრის გახსენებაც კმარა. ამ შემოქმედებითმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გასული საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში. დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში, შევუწყოთ ხელი კულტურული ინდუსტრიების განვითარებას, შევქმნათ რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცეები და ცხოვრების ღირსეული პირობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.