მართლმადიდებელი სამყარო დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს.

ტაძარში მღვდელმსახურები წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალებაზეა მოთხრობილი.

ფერისცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!”.

ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება – მთას ღრუბელი ადგება.