ნინო ლაცაბიძე მამაანტონობისა და ანჩისხატობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მამაანტონობა და ანჩისხატობა აღინიშნა. ღონისძიებას მმართველი გუნდის რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა.

დღესასწაული მე–18 საუკუნიდან, ხელთუქმნელი ხატის პატივსაცემად ყოველწლიურად ტარდება. გარდა რელიგიურისა მას სახალხო–ეროვნული დღესასწაულის დატვირთვაც აქვს. საზეიმო წირვის შემდეგ ღვთაების მონასტრის ეზოში დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა გარდაბნის ხელოვნებისა და კულტურის ძეგლთან არსებულმა ანსამბლმა “ბეთანია”, მარტყოფის სამუსიკო სკოლის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „აკრიანი“ და ნორიოს თეატრალურმა წრემ მიიღეს. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნორიოს მუზეუმში დაცული ხელნაკეთი ნივთებისა და სართიჭალის მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად იალნოს ქედზე მდებარეობს. მონასტერი VI საუკუნეში დაარსა ცამეტი ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, ანტონ მარტყოფელმა. მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლია.