პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის შრომის ინსპექცია ობიექტს დახურავს

შრომის ინსპექციამ პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 100-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, რომ ობიექტი დახუროს იმ შემთხვევაში,თუ ის განმეორებითი შემოწმების და დაჯარიმების შემდეგაც, ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. 

„შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ფიზიკურ პირებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები. დღესდღეობით აქტიური მონიტორინგი გვაქვს და უკვე 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული, გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები და დღეისათვის შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება რომ მოახდინოს ობიექტის დახურვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.