შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.პ. და 2001 წელს დაბადებული ლ.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის , გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაგეგმეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საფოსტო გზავნილით შეძენა და ე.წ „დადების მეთოდით“ გასაღება. დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში. ამანათში მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფხვიერი მასა, რომელიც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.
წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ნარკოტიკული საშუალების „დადების“ ორგანიზების მიზნით დაკავებულები ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს,” – აღნიშნულია შსს-ს მიერი გავრცელებულ უწყებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და გასაღების მომზადებას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.