პოლიციამ ახალქალაქში 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ ახალქალაქში 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი ახალქალაქში 8 აგვისტოს მოკლეს. მომხდარის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო, გარდაცვლილის ახლობლებმა მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილთა სასტუმრო “არტსერგი” და მათი ოთხი ნათესავის სახლი გადაწვეს. ქალაქში გადამწვარია რამდენიმე სახლი და მანქანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კი სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.