შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული რ.ჯ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად 48 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.