სამეგრელოს პოლიციამ სენაკში ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1937 წელს დაბადებული ქალი გაძარცვა და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში სენაკში დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ამოიღეს, ასევე ამოღებულია ერთი რევოლვერი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.