პრემიერი-აზომვით სამუშაოებში გლეხს ფული გადასახდელი არ ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება.ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა  ქედაში ისაუბრა, სადაც მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის  და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. 

პრემიერის თქმით, „ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარაში დაგროვდა, ეს არის მიწის რეგისტრაცია“.

„ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური პროგრამა – მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება და სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც აღარ იქნება. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება. ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემებიც, როგორიცაა, გზა, წყალი გაზი. ყოველდღიურად უკეთესობა ეტყობა, როგორც ბათუმს, ქედას, ასევე მთლიან საქართველოს. ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ“, – განაცხადა პრემიერმა.