პრემიერი – უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება

რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან იყო სერიოზულად აღქმული. ამიტომ უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა – ამის შესახებ სსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე გაამახვილა.

„როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების განვითარებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ამასთან ერთად უკვე უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე. ამიტომ რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან იყო სერიოზულად აღქმული. ამიტომ უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს.

სწორედ ამიტომ იყო მთავრობის მიერ ინიცირებული, დღეს უკვე პარლამენტშია კანონპროექტი და დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო სესიაზე სწრაფად დამტკიცდება, რაც გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს, იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა.

მერწმუნეთ, ეს იქნება გაკეთებული უმკაცრესად. რაც აქამდე ხდებოდა, მარტივია, უბრალოდ კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი იყო ამ მცირე ჯარიმების გადახდა და არავინ არ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი, დაწესდება სერიოზული ჯარიმები, რისი ძირითადი პრინციპიც იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა – ბუნებისთვის, ჰაერისთვის, ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვევს პირდაპირ დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად დასჯას. ეს ის პირობები და ფუნდამენტია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ. ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.