რუსთავის მოხუცთა სახლს საჩუქრები გადაეცა (+ფოტო)

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში რუსთავის მოხუცთა სახლს, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორი, მაცივრები, გაზქურა, სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა და მინიტრაქტორი გადაეცა.

საჩუქრები მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

ლუიზა ვინტონის განცხადებით, უსახლკარო და ოჯახის ზრუნვას მოკლებული ადამიანებისთვის კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. UNDP-ის მიზანია, თავშესაფრების უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ხოლო პანდემიის შემდგომ პერსპექტივაში, გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტილებების მოძიება მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად.

დახმარებას, დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, UNDP რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ აშშ დოლარს აღემატება და მისი მიზანია საქართველოში დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა.