რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი ხელმძღვანელობდა, დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.
როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ,ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ცვლილებები საქართველოს კანონში – “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შევიდა, რის საფუძველზეც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დაკორექტირდა.
კერძოდ, საგადასახადო შემოსავლების შესრულების დინამიკის გათვალისწინებით 4 846,3 ათ. ლარით შემცირდა გეგმა , თუმცა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს N1570 განკარგულებით, რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის ფინანსური დახმარება 3 100,0 ათ. ლარის ოდენობით გამოიყო, რამაც საგადასახადო შემოსავლებში დაფიქსირებული დეფიციტი 1 746,3 ათ. ლარამდე შეამცირა.
ასევე, შემოსავლების 330,0 ათ. ლარიანი დეფიციტური მაჩვენებლები დაფიქსირდა დასუფთავებისა და ტრანსპორტის მოსაკრებლების ნაწილში, სადაც მუნიციპალიტეტმა ზემოხსნებული მოსაკრებლების გადახდისგან მარტიდან მაისის ჩათვლით გაათავისუფლა შესაბამისი ბენეფიციარები.
საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვეფხვაძე განცხადებით, მიუხედავად ბიუჯეტის შემცირებისა, შიდა რეზერვებიდან დაფინანსება რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით გაიზარდა. კერძოდ,
- მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემას დაემატა თანხები ახალი 40 ავტობუსისათვის საჭირო პროგრამული და ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად;
- გაიზარდა სტუდენტთა სწავლის დაფინანსების, სამედიცინო დახმარებების პროგრამები;
- გაიზარდა დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა მომუშავეთა ანაზღაურება;
- გაიზარდა ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება;
- გაიზარდა საცხოვრებელი სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა.
ინფორმაციისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 62 500 400. ლარით განისაზღვრა.