რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
,,სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისიბაგა-ბაღი შენდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 მლნ. 300 ათასი ლარია. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ორნამენტი“ ახორციელებს. ამასთანავე, წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ყველა ბაგა-ბაღში მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც 1 მლნ 184 465 ლარი იხარჯება, 394 934 ლარი იხარჯება ძველი კარ-ფანჯრების ახალი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით შეცვლის სამუშაოებზე“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
ინფორმაციისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები #32 და #34 საბავშვო ბაღებშიც მიმდინარეობს. სამუშაოები მარტში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 938 999 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,ანანა“ ასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ, 21-ე მიკრორაიონში 6 სააღმზრდელო ჯგუფსა და 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე ბაგა-ბაღი იქნება.
რაც შეეხება 32-ე საბავშვო ბაღს, მისი ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, პროექტის – ,, საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ ფარგლებში, სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაციის (NEFCO) ხელშეწყობით ხორციელდება, რომელმაც საქართველოს მთავრობას, სასესხო-საგრანტო ხელშეკრულების თანახმად გამოუყო თანხა.
ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება ბაგა-ბაღის სრული დათბუნება, იცვლება კარ-ფანჯრება და მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.