საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევისთვის, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით 8 737 პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით 8716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა, დაკისრებული ჯარიმის საერთო ოდენობა კი 26 463 000 ლარია.
სამართალდარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა, კერძოდ, 4820 ფაქტი, „კომენდანტის საათის“ დარღვევას უკავშირდება. ამასთან, გამოვლინდა 1 850 შემთხვევა, რომელიც 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა / პირბადის გამოუყენებლობას უკავშირდებოდა, გამოვლენილია მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევის 1 406 შემთხვევა, 430 – მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილების წესის დარღვევა, 144 – თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი, 39 – აკრძალული ობიექტის ფუნქციონირების ან რეალიზაციის წესების დარღვევა, 27 – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება და 21- იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევის ფაქტზე გამოძიება 227 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.
წყარო: ipn.ge