სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ იწყება

სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში პროგრამა, „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ იწყება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროგრამა იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებიც მეწარმეობას დაიწყებენ. 

 

პრემიერის ცნობით, პროგრამის გასაცნობად მოქალაქეებს  რეგიონებიდან თბილისში ჩასვლა აღარ მოუწევთ და ისინი ინფომრაციას ქვეყნის მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ. 

„ ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც დღეს გადავდგამთ. ამ ნაბიჯის დროულად დასრულებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იუსტიციის სამინსიტროს.  აქამდე ეს ყველა პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ასევე ტურიზმის სააგენტოში. თითეულ მოქალაქეს უწევდა, ჩამოსულიყო თბილისში, რომ ამ პროგრამას გაცნობოდა და გამხდარიყო ამ პროგრამის ბენეფიციარი.

დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურეობა, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად იქნა განხორციელებული და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონალური მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები.

ჩვენ დღეს ამ პროგრამის პრეზენტაციას და დაწყებას დავაანონსებთ ამბროლაურში. ესეც სიმბოლურია, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ამბროლაურსა და რაჭას ახლა სტიქიის გამო ,უჭირს, ამიტომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, რომ სწრაფად გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების მონაწილე და ამით შეძლონ, დაიწყონ თავისი ბიზნესი, საქმე. თავიდან აიღონ გარკვეული რისკები თავიანთ ოჯახზე, საკუთარ თავზე და წარმატების შემთხვევაში, უკვე თავიანთ სოფელზე, დაბაზე და ასე გაძლიერდება ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.