საპატრიარქო გარდაცვლილ მოზარდზე-ასაკიდან გამომდინარე, წესის აგება ნებადართული უნდა იყოს

საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბავშვზე განცხადებას ავრცელებს.საპატრიარქოს განცხადების თანახმად,  გარდაცვლილი მოზარდის ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, წესის აგება ნებადართული უნდა იყოს.

“თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი მისი ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებიამ საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რომ მის შვილიშვილს წესი აუგონ.

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო, არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა. მას სასამართლომ  პატიმრობა შეუფარდა.