სესი – საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.

მათივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ოფიციალურად არ დასტურდება. 

“სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს. ამ ეტაპზე, საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს.  “როიტერის” ინფორმაციით, ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.