საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 4-ით გაიზარდა და 959-ს შეადგენს.

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე პაციენტის ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„დღევანდელი მონაცემებით, 1179 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 4-ით, იყო 955 და გახდა 959. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი სიტუაციით, მკურნალობს 241 დადასტურებული კოვიდინფიცირებული. 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო მეორის ეპიდკვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.