საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა.
„4 პაციენტი არის გაჩიანიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთია სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 4 არის კონტაქტებიდან და 3 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. აგვისტოს პირველი რიცხვიდან დღემდე 26 ახალი შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელებული კი 27. კოვიდი არ მიდის არსად, ცხოვრობს ჩვენთან ერთად და იმისთვის, რომ ეს მონაცემები არ იყოს დიდი და შემაშფოთებელი, აუცილებელია ყველა რეგულაციის შესრულება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.