საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1206-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 987-ს შეადგენს.

UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

„გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1 197 შემთხვევა, დაგვემატა ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა და გახდა 1206. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 13-ით და გახლავთ 987. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 81.8 – ია. ამჟამად, კოვიდცენტრებში 240 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი არის იმპორტირებული, აქედან სამი პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ ახალ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 7071 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირი.